თბილისი (GBC) – ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენი ვიზიტით ჩამოვა. საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე არსებული პოლიტიკური სიტუაციის გავლენის შეფასება. 

განსაკუთრებული ყურადღება 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და კონგრესის პრესსპიკერი ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში სტიუარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო, ILDG). მათ თან ახლავს ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.

დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და „ქართული ოცნების“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის  პირველ მოადგილეს.

ასევე, გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ევროსაბჭო მიუთითებს, რომ "ეს ვიზიტი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრის მონაწილეების შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა".