თბილისი (GBC) - მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრმა კომპანიებმა უკონკურენტოდ ₾700 მლნ-ს ტენდერები მოიგეს. ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორის" კვლევაშია საუბარი და ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ კომპანიებში ქართული ოცნების ხშირი შემწირველები დომინირებენ.
ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” 2015 წელს დაარსდა. ასოციაცია ერთ-ერთ მისიად წევრი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას ასახელებს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია: ასოციაციის გამგეობის სამმა წევრმა კომპანიამ მხოლოდ 2023-2024 წლებში უკონკურენტო ტენდერების საშუალებით ჯამურად 700,567,482 ლარი მიიღო.
კომპანიები, რომლებიც ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” გამგეობის წევრები არიან, აქტიურად იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებს იგებენ. ასოციაციის წევრი კომპანიები ასევე ერთი და იგივე ელ.ტენდერში მონაწილეობენ და ხშირია უკონკურენტოდ გამარჯვების შემთხვევები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბრძანების მიხედვით, ელექტრონულ ტენდერში ამხანაგობა მონაწილეობას იღებს და სატენდერო დოკუმენტაციას წარადგენს, როგორც დამოუკიდებელი პრეტენდენტი. ამხანაგობასა და მის მონაწილეებს ეკრძალებათ ერთსა და იმავე ელ.ტენდერში ინდივიდუალურად მონაწილეობა. შესაბამისად, ასოციაციის წევრი კომპანიები ერთი და იგივე ტენდერში მონაწილეობით კანონს არღვევენ.
უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ელექტრონული ტენდერები, თავის მხრივ გამჭვირვალობის სტანდარტს ამცირებს და კორუფციის რისკებს ზრდის – რაც კონფლიქტში მოდის კონკურენციის ზრდის გაცხადებულ მიზანთან. გარდა ამისა, ქართულ პრაქტიკაში უკონკურენტო გარემოში ჩატარებული შესყიდვები ხშირად იმასაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულება იდება მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირის კუთვნილ კომპანიასთან. ამის დამადასტურებელია აღნიშნულ კომპანიებში ქართული ოცნების ხშირი შემწირველების დომინირება.
საჯარო რეესტრის უკანასკნელი ამონაწერის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაციის დირექტორი ანა საბა ხტარაშვილია. ასოციაციას ასევე ჰყავს გამგეობა, რომელიც ძირითადად დიდი სამშენებლო კომპანიებით არის დაკომპლექტებული. მაგალითად, ბოლო ამონაწერიდან ვიგებთ, რომ გამგეობის თავმჯდომარე შპს “ინ-სი” არის, ხოლო გამგეობის წევრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: შპს “დაგი”, შპს “ელიტა ბურჯი”, შპს “ფერი”, შპს “ენსისი”, შპს “ანაგი”,სს “ენერგონი”. გარდა აღნიშნული კომპანიებისა, მშენებელთა ასოციაციაში კიდევ რამდენიმე ათეული კომპანიაა გაერთიანებული.
შპს ინსი სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან გამოჩნდა. მხოლოდ 2023-2024 წლებში კომპანიამ 18 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 8 შემთხვევაში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. შპს ინსი-მ დროის ამ მონაკვეთში ელ.ტენდერების გზით საერთო ჯამში 319,288,204 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ტენდერში (NAT230004764) შპს ინსი ასოციაციის სხვა წევრ კომპანიასთან, შპს დაგისთან ერთად იღებდა მონაწილეობას, სადაც გამარჯვებული შპს დაგი გახდა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ შპს ინსის მოქმედი დირექტორი, ზვიად თოიძე, მმართველი პარტიის შემომწირველიცაა. მან “ქართულ ოცნებას” 2016 წელს 50,000 ლარი შესწირა.
ასოციაციის კიდევ ერთი წევრი კომპანია შპს დაგია. კომპანია წლებია ყველაზე ძვირად ღირებულია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. მხოლოდ 2023-2024 წლებში შპს დაგიმ 26 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 488,370,752 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 26 ტენდერიდან 16 უკონკურენტო გარემოში ჩატარდა.
შპს ანაგი სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წელს გამოჩნდა, მას საერთო ჯამში 68 ელ.ტენდერში აქვს მონაწილოება მიღებული. მხოლოდ 2023-2024 წლებში კომპანიამ 16 ტენდერში მიიღო მონაწილეობადა მასთან 82,344,576 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. 16-დან 5 შემთხვევაში შპს ანაგის კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. ამასთან ერთად, შპს “ანაგი”-ს მოქმედი დირექტორი, ირაკლი გოგოტიშვილი ქართული ოცნების შემომწირველია და 2023 წელს მას 60,000 ლარი შესწირა. გარდა ირაკლი გოგოტიშვილისა, მმართველი პარტიისთვის 2021 და 2023 წლებში ჯამში 110,000 ლარი აქვს შეწირული შპს “ანაგი ქონსთრაქშენ”-ის დირექტორს, დავით ანდღულაძეს, ხოლო 2023 წელს 60,000 ლარი აქვს შეწირული შპს “ანაგი ინფრაკონსტრაკშენ”-ის დირექტორს, გიორგი მიხანაშვილს.
ცნობისთვის, შპს “ანაგი ქონსთრაქშენ”-ის 100%-იან წილს ზაზა გოგოტიშვილი ფლობს, ხოლო თავად შპს “ანაგი ქონსთრაქშენ”-ი შპს “ანაგი ინფრა კონსტრაკშენ”-ის 50%-იან წილს ფლობს.
სააქციო საზოგადოება “ენერგონი”-ს, რომელიც ასევე ასოციაციის გამგეობის წევრია, 2023-2024 წლებში მხოლოდ ერთი – 53,032 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. თუმცა, მაგალითად 2022 წელს, “ენერგონი”-ს 4 ელექტრონული ტენდერიდან 3 უკონკურენტოდ აქვს მოგებული, ხოლო 2021 წელს, სააქციო საზოგადოების მიერ მოგებული ხუთი ტენდერიდან ხუთივე უკონკურენტო გარემოში ჩატარდა.
რაც შეეხება ასოციაციის გამგეობის დანარჩენ წევრებს, შპს ელიტა ბურჯი და შპს ფერი სახელმწიფო შესყიდვებში 2021 წლიდან აღარ მონაწილობენ, შპს ენსისიმ კი, რომელსაც ახლა შპს რეფორმა ეწოდება, 2023-2024 წლებში 5 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილოება, თუმცა ვერცერთ მათგანში გაიმარჯვა.
თუმცა, თუ მათ ძველ ელ.ტენდერებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მაგალითად, შპს ელიტა ბურჯი 2012-2020 წლებში აქტიურად იღებდა ელ.ტენდერებში მონაწილეობას და მასთან 14 მილიონზე მეტიღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. კომპანიამ უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერებიდან 6,348,583 ლარი მიიღო.
კომპანიის ახლანდელი დირექტორი გიორგი როგავაა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი “ქართუა.” აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. მაგალითად, ნატო ხაინდრავას 2012-2024 წლებში საერთო ჯამში 492,600 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის, მისი ბოლო შემოწირულობა 2024 წლის 1-ელი აგვისტოთი თარიღდება. სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ნუგზარ დეკანოიძემ ქართულ ოცნებას 2016-2023 წლებში ჯამში 190,000 ლარი შესწირა.
შპს ფერის 2017-2020 წლებში ელ.ტენდერების გზით 101,332,383 ლარი აქვს მიღებული, ხოლო შპს ენსისისთან 2012-2020 წლებში 233,816,933 ღირებულების ხელშეკრულებები არის გაფორმებული. კომპანიამ უკონკურენტო გარემოში გამართული ტენდერების გზით 36,181,944 ლარი მიიღო.
გაგაცნობთ შპს “პალადა”-საც, რომელიც ასოციაციის წევრი კომპანიაა, თუმცა ის გამგეობის წევრებს შორის არ არის. შპს პალადას 2011-2024 წლებში საერთო ჯამში 447 ელ.ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან მხოლოდ 2023-2024 წლებში მან 66 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 24 შემთხვევაში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა. კომპანიასთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 56,370,490 ლარია.
მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები მსგავსად გამგეობის წევრებისა, ასევე ხშირად საკმაოდ ძვირად ღირებულ ელ. ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებენ. მაგალითისთვის, ასოციაციის ოთხმა კომპანიამ 50-ზე მეტ შემთხვევაში სრულიად უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
როგორც "ფლანგვის დეტექტორი" წერს, მაშინ, როდესაც ა(ა)იპ “ინფრასტრუტურის მშენებელთა ასოციაციის” გაცხადებული მისია წევრი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, რეალობაში სრულიად განსხვავებულ სურათს ვაწყდებით, არამხოლოდ წევრი კომპანიებისგან, არამედ უპირველესად – ასოციაციის გამგეობის წევრი კომპანიებისგან. აღნიშნული კომპანიები ხშირად მონაწილეობენ ერთად ელექტრონულ ტენდერებში, რითიც ხელოვნურ კონკურენციას ქმნიან, ან სრულად უკონკურენტო გარემოში ახერხებენ შესყიდვებში გამარჯვებას. ამ გზებით მხოლოდ 2023-24 წლებში ელექტრონული ტენდერების საშუალებით მათ ჯამურად რამდენიმე ასეული მილიონი ლარის მოპოვება შეძლეს.