თბილისი (GBC) - "ქართული ოცნება" საარჩევნოდ რუსეთის მიერ უკრაინაში დანგრეული შენობების და ტაძრების ფოტოებს იყენებს. ბანერები დღეს, 26 სექტემბერს, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. საზოგადოება "ოცნების" აგიტაციას ეხმიანება. მათ შორის არის ქართველი გრაფიკული დიზაინერი ბექა ბერიძე, რომელიც აქვეყნებს ბანერს წარწერით: "არა ომს", სადაც გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, ხოლო მის გვერდით რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი რომლის ფოტოსაც დაბლა ეპიტაფიასავით აქვს წამძღვარებული წარწერა, "აირჩიე მშვიდობა".
"ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება ემსახურება საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას, თუ "საით მიაქანებს ოპოზიცია ქვეყანას".
„ოცნების" ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - „Дети!“ (ბავშვები).
ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართული ოცნების" სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი - თბილისის სამების ტაძარს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!… „ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ“, - წერს პრეზიდენტი.