თბილისი (GBC) - პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს, გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა: "გვაქვს რესურსი, უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ ოპოზიციის საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას, თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები", არიან გარე „ტოპტვინები", რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა, ეს არის მათი გადასაწყვეტი.

„როცა 4 წლის წინ ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ, პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდებოდა და ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ამიტომ შემოვლენ, თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ მათი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას. მათ შორის, კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს ათასგვარ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ არავითარი ფასი არ ჰქონდეს მათ საბოტაჟს. მე არ მგონია, რომ მათ დიდხანს სცადონ საბოტაჟის წარმოება, რადგან ნულოვანი რესურსი აქვთ ამისთვის და რჩევებსაც მიიღებენ შესაბამისს. ამიტომ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს", - განაცხადა პრემიერმა.

აპირებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში შესვლას?

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ არ აპირებენ „ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნით სიებს". 

როგორც ოპოზიციური პარტიების განცხადებებიდან ირკვევა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს არც "კოალიცია ძლიერი საქართველო", არც, "კოალიცია ცვლილებებისთვის" და არც პარტია "გახარია საქართველოსთვის".

ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

შედეგებს არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობს.

ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 53,93%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 10,92%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,12%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,78%;
  • "გახარია - საქართველოსთვის" - 7,76%.

ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები კი შემდეგნაირად:

  • ქართული ოცნება“ - 89;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 17;
  • „ძლიერი საქართველო“ - 14;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 12.

აიკრძალება თუ არა ოპოზიციური პარტიები?

2024 წლის 23 აგვისტოს ირაკლიმ კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები.

„მარტო საკონსტიტუციო სასამართლოზე არ ვსაუბრობ. შესაძლოა, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, ჩვენ საჩივარი შეიძლება მოვამზადოთ. შეიძლება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი. რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა – „კოლექტიური ნაცმოძრაობა”. ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს სამართლებრივადაც მტკიცდება. როცა გახარიას და „ნაცმოძროაბას“ აქვთ კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში, ეს სამართლებრივად ადასტურებს, რომ ერთ საქმეს ემსახურებიან.

ამიტომ სამართლებრივი საჩივარი თუ სარჩელი იქნება სათანადოდ იქნება დასაბუთებული და დამტკიცდება, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ერთად ემსახურება დანაშულებრივ საქმეს”.

კობახიძემ, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია ჩამოთვალა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.

კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, „ლოგიკური გაგრძელება სწორედ მანდატების შეწყვეტა იქნება”.

„რაც შეეხება იურიდიულ მხარეს – საკონსტიტუციო სასამართლო ცალკე იღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვაზე, ცალკე იღებს გადაწყვეტილებას მანდატების გაუქმებაზე. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თუ საქმე ეხება პარტიის აკრძალვის სარჩელს, ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების შეწყვეტა. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ გამოაცხადო ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალად და მანდატი დარჩეს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე კონკრეტულ ლიდერს”. – თქვა 23 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ. 

ოპოზიციის აკრძალვის მუქარა პირველად „ქართული ოცნების“ 2024 წლის 20 აგვისტოს განცხადებაში გაჩნდა. მას შემდეგ მმართველი პარტია ამ მესიჯს ყოველდღე იმეორებს და კონკრეტულ ნაბიჯებსაც გეგმავს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, 19 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტურ, მემკვიდრე პარტიებს" გაასამართლებს და კონსტიტუციის დონეზე აკრძალავს.

"საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის, ომის დანაშაულის გამო კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტურ, მემკვიდრე პარტიებს", - თქვა მაშინ ივანიშვილმა.