თბილისი (GBC) - თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა საქმის განხილვის შესახებ. შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.
"სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.
საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.“, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.
როგორც ბესელიამ უთხრა მედიას, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს, პრეზიდენტი მიმართავს ყველა არსებულ სამართლებრივ გზას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.
ეკა ბესელიას განმარტებით, სარჩელი ეხება ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევას.
"პირველი, ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა,არამედ აეკრძალათ კიდეც და იცით, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში და ეს არღვევს უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე და მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი რაც არის კონსტიტუციაში - ეს არის არჩევნების დროს ხმის ფარულობის დაცვა, რაც დაირღვა",- განაცხადა ეკა ბესელიამ.