თბილისი (GBC) - ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები 13 ნოემბერს გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს და განიხილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. აზრთა სხვადასხვაობა: ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს "ოცნების" გამარჯვებას და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ძირითადი ფრაქციების ნაწილმა კი განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ ნება”.
რა თქვეს საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე დანარჩენმა ევროპარლამენტარებმა?
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი:
“უცხოური გავლენების კანონისა” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონის” გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა - პირობები ცნობილია და ცხადია".
საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას მან სამი კომპონენტი დაასახელა: ისაუბრა ევროკავშირის „მკაფიო პასუხზე” საქართველოში "დემოკრატიულ უკუსვლასთან" დაკავშირებით და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელახალი ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, „ცხად და მკაცრ პირობებს“ მოითხოვს.
„ამ გადამწყვეტი მომენტების შემდეგ, მსურს ევროკომისიის სახელით ევროპის პასუხის სამ კომპონენტს გავუსვა ხაზი.
პირველი - ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა მკაფიო პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ ქვეყნებთან კოორდინაციაში, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება - ევროპული დახმარების 30 მილიონი ევრო და საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარების 121 მილიონი ევრო. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულ იქნა. ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ საქართველოს ოფიციალური პირები ქმედების კურსს არ შეცვლიან. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რომლებიც იქ, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ სვეტად რჩებიან.
მეორე - არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ცხადი გახადა ძლიერი საჯარო განცხადებებით. მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, გამოეძია სერიოზული დაფიქსირებული დარღვევები. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე შეიყვანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგი “საგარეო საქმეთა საბჭოს” დღის წესრიგში, რომელიც შემდეგ ორშაბათს ჩატარდება. ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ნაბიჯებზე შევთანხმდეთ.
ბოლოს - ნებისმიერი სამომავლო ხელახლა ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს, რომლებიც ასევე აღნიშნულია ჩვენი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ კვლავ ერთგული უნდა გახდეს სარეფორმო დღის წესრიგის, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულების, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ევროკავშირის საწინააღმდეგო ზიზღი და რიტორიკა.
სპეციფიკური ზომები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. “უცხოური გავლენების კანონი” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონი” გაწვეულ უნდა იქნან. ამ კანონების გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა. საქართველოს ევროპულ გზის ალტერნატივა არ არსებობს.
პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი”, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე:
"ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი".
მისი თქმით, ევროკავშირი ცხადი უნდა იყოს, რადგან საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და არ შეიძლება მისი აღიარება - “ქართულ ოცნებას არ გაუმარჯვია“.
“კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით თითქმის ყველგან ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას პოსტსაბჭოურ სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო გამონაკლისი არაა. აქ, ევროკავშირში, ჩვენ, ცხადები უნდა ვიყოთ - საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება, “ქართულმა ოცნებამ” არ გაიმარჯვა.
უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე გაყინულია. ხელახლა უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო სტატუსს. აღარ შეგვიძლია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ორმხრივი დახმარების გამართლება.
ამ ყველაფერს მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი პროევროპულ გზას უჭერენ მხარს, ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ. ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს ორივესთან - საქართველოს საზოგადოებასთან და “ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.
ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ცხადი რომ ვიყო - ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო:
„ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა".
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ.
ევროპარლამენტარმა 13 ნოემბრის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ „იყო არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები”.
„იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ. მათ სჯერათ ჩვენი და იმედოვნებენ, რომ მათ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და მათ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.
მისივე თქმით, ახლა ევროპული რეაქცია ძლიერია, მაგრამ არა სრულიად.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხალხს იმედს ვაძლევთ, მხარს ვუჭერთ მათ, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მე მათი პრეზიდენტის გამბედაობას მივესალმები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისინი არა ჩვენი სისუსტის, არამედ ჩვენი სიმტკიცის სიმბოლოები იყვნენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა:
"ევროკომისიას მოვუწოდებ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით".
მისი თქმით, „დროა დასკვნები გამოვიტანოთ“.
“ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით ცდილობენ, თუმცა, თუ მათ არასდროს სურთ ამ ძალაუფლების დათმობა - ისინი საფრთხე ხდებიან, არა მხოლოდ საკუთარი ერისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.
2012 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი დათანხმდა ძალაუფლების დათმობას, რომელიც მისი აღარ იყო. თუმცა 2016 წლიდან, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ავტორიტარული რეჟიმების გზას მიყვება. და სამწუხაროდ, ახლა ხელისუფლებაშია ხალხი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში ინვესტიციებით მოიპოვა.
დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია ის, ვისაც გარკვეულ წრეებთან კრიმინალურის მსგავსი ურთიერთობები გააჩნია. დროა დასკვნები გამოვიტანოთ. შესაბამისად, თქვენ მოგიწოდებთ, ევროკომისარო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოთ ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო "სანიტარული ზონი" შექმნით”, - განაცხადა გოშევსკამ.
ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში:
"ამჟამინდელი ვითარება საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის არმიერთებისთვის სჯიან".
"საქართველოზე ევროკავშირის პოზიცია რეალობის იგნორირებას ახდენს. საქართველო ოკუპირებული ქვეყანა იყო დაახლოებით 20 წლის განმავლობაში და ევროკავშირმა არც ერთხელ არ უპასუხა რუსეთის ამ ოკუპაციას სანქციებით. პირიქით, მან რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა განავითარა.
საქართველო არ არის ნატოს წევრი და ევროკავშირის არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ სთავაზობს სამომავლო შესაძლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ევროკავშირი იმ პოზიციაში არ არის, რომ ანტირუსული სანქციების ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირება მოახდინოს. შესაბამისად, ის საქართველოს მთავრობას სჯის ბალანსისთვის და არა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის, რის გამოც ქართველები სოციალური კატასტროფის წინაშე არ დგანან. ვფიქრობ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ საქართველოს მთავრობასთან,” - განაცხადა ბრანისლავ ონდრუშმა.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა:
"სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას".
„2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული უკუსვლის ნაწილი იყო.
„თუ ჩვენ 2021 წელს ვფრთხილობდით, მაშინ ახლა ამ არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარი გიორგიო გორი:
„სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონია უფლება, თავისუფლად გამოეხატა ნება. იყო ბევრი დარღვევა ხმის მიცემისას. ასევე, იყო ფეიკ ნიუსების კამპანია, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა".
"პარალელურად, კანონები, რომლებიც რუსული ინსპირაციით იქნა მიღებული, მსგავსად კანონებისა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვანთა დაცვის და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, სრულად ეწინააღმდეგება იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისთვის ფუნდამენტურია და საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზას აშორებს, რომელმაც სტარტი გასულ წელს აიღო.
ამ ჩარევასთან ბრძოლა გადამწყვეტია, რათა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავალი იყოს გარანტირებული. ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო, მისი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებების თვალსაზრისით, ყველაზე პროევროპულია…
ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი საშუალება, რათა მხარი დავუჭიროთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეს მისწრაფებები იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა იცხოვროს ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან და პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უფლებებსა და დემოკრატიას”.
ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი:
"საარჩევნო დარღვევები ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს".
ევროპარლამენტარის თქმით, ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული.
“გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საჭირო რეფორმები მოჰყვებოდა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება უდიდესი შესაძლებლობა იყო საქართველოს მთავრობისთვის.
სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გააჩინეს ქვეყნის მიმართულებაზე და თბილისში მთავრობის განზრახვებზე. წინასაარჩევნო დაძაბული და პოლარიზებული გარემო, დარღვევების შესახებ ანგარიშები, მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გავრცელებული მზარდად ავტორიტარული დღის წესრიგი.
ქართველებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველოს სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტაში. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ გამოძიებულ და პასუხი გაცემულ უნდა იქნას. ისინი ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს”, - განაცხადა მაკალისტერმა.
ვინ არიან და რა თქვეს "ქართული ოცნების" პოლიტიკის მომხრე ევროპარლამენტარებმა?
ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი:
"რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო მკაფიო გამარჯვებულით".
მისი თქმით, ქართველები ჭკვიანი და მყარი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ „არ სურთ ბრიუსელის ცისარტყელას" დღის წესრიგისთვის დანებება”.
„საპარლამენტო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი, იქ ვიყავი ადგილზე, ვიგრძენი, რომ იქ ზეწოლის არანაირი გრძნობა არ იყო.
ოპოზიციას თავისუფლება ჰქონდა არჩევნებში გამოსულიყო და საშუალება ჰქონდა მთავრობის თავისი კრიტიკა წარედგინა. ეუთოს დილის ბრიფინგი ამბობდა, რომ იყო დაძაბული, მაგრამ ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნები. რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ არცერთი, რომელიც არჩევნების საერთო სამართლიანობაზე მოახდენდა გავლენას.
ქართველები ჭკვიანი ხალხია, მათ იციან, რომ მათი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია. მათ არ სურთ ძალების ბლოკებს შორის კონფლიქტში ჩათრევა. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ არ სურთ ბრიუსელის “ცისარტყელას” დღის წესრიგისთვის დანებება.
პატივი ვცეთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს, პატივი ვცეთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ვისწავლოთ საქართველოსგან, რომ მსოფლიო წესრიგში ჩვენს პოზიციაზე ზედმეტი წარმოდგენა არ შევიქმნათ”, - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.
უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრას ლაზლო, რომელიც ვიქტორ ორბანის "ფიდესს" წარმოადგენს:
"საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. ეს ყველამ იცის, ვინც იქ იყო".
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, ვინც "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებსა და ინციდენტებს, მაგრამ ისეთს არაფერს, რაც სხვაგან ვერ მოხდებოდა", - თქვა ლაზლომ.
მან ასევე საქართველოს დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი "პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებისკენ" და თქვა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ევროკავშირში ზოგიერთს არ მოსწონს, პატივი უნდა სცენ ქართველების არჩევანს.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა და გაწევრების მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან", - დასძინა უნგრელმა ევროპარლამენტარმა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
დანილო დელა ვალე, რომელიც იტალიურ პოპულისტურ პარტია "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას" წარმოადგენს:
"ცესკომ საარჩევნო უბნების ნაწილის შედეგები გადათვალა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა".
"ამისდა მიუხედავად, ახლა საქართველოს გაწევრების პროცესის შეჩერებით ვემუქრებით, მარტო იმიტომ, რომ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში არჩევნების შედეგები არ მოსწონთ", - თქვა მან
დანილო დელა ვალემ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა - მოლდოვაში სულ მცირე სხვაობით გაიმარჯვეს პროევროპელებმა და ამას ყველა ზეიმობთო.
სლოვაკი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მილან უჰრიკმი:
"ვის ენდომება, რომ 70 გენდერი ასწავლონ სკოლაში? ან ვის ენდომება, რუსეთთან ომში ჩაერთოს?"
"თქვენ ის გაწუხებთ, რომ ქართველებმა არ დაუშვეს, საკუთარ მიწაზე მანიპულაციის მსხვერპლი გამხდარიყვნენ", - მიმართა მან დანარჩენ ევროპარლამენტარებს.
ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი, რომელიც ლე პენის პარტიას წარმოადგენს:
"ათი დღე იყო გასული "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან, როცა გერმანიის ელჩი ფარისევლობით სავსე გზავნილში მშვიდობიან რევოლუციაზე ალაპარაკდა, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კი ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, მათ ინსტრუქციები მისცა, თქვა, მოძრაობა უნდა დაიწყოს, მაიდანი გაიხსენეთო".
მარიანი 2015 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ესტუმრა, 2018 წელს კი დონეცკს, სადაც ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნების დამკვირვებელი იყო.
2015 და 2017 წლებში ტიერი მარიანი ხუთჯერ ესტუმრა სირიას. ერთ-ერთი ვიზიტისას მან "მეგობარი" უწოდა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს.
კიდევ ერთმა სლოვაკმა პოლიტიკოსმა, ლუბოშ ბლაჰამ, რომელიც პრორუსული პოზიციებითაა ცნობილი, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა:
"ქართულ ოცნებას ჩემი პარტიის მსგავსი იდეოლოგია აქვს - ჩვენ ვეწინააღმდეგებით "ლგბტ იდეოლოგიას" და დასავლეთის დაფინანსებულ მაიდანის რევოლუციას".
საბოლოოდ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს საკითხის დასამატებლად 13-14 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის შეცვლაზე შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ პლენარული სხდომის დასაწყისში წინადადება დააყენა, რომ „საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის წინადადებას მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 26 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, შედეგებს ოპოზიცია და სადამკვირვებლო მისიები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მის ბათილად ცნობასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.