თბილისი (GBC) – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა. ბოკუჩავამ ამის შესახებ დღეს, 13 ნოემბერს ისაუბრა მედიასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე, სადაც არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელები უნდა განიხილონ.
„ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა, სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომლებსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, საუბარია 56-ზე მეტ მოწმეზე.
„ვითხოვთ იმ მტკიცებულებების მოწოდებას ცესკოსგან, რომლებსაც ჩვენ განცხადებით ვითხოვდით და არ გვაძლევდნენ, ასევე ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მათ უნდა ჰქონოდათ ბრენდირებული „სმარტმატიკის“ მარკერები და ეს შეიცვალა არჩევნების დღეს“, – ამბობს კორძაია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში წერს: "კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად".
როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.
ინფორმაციისთვის, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, ცესკომ იყიდა „სმარტმატიკის“ მიერ წარმოებული, 30 000 ცალი სპეციალური მარკერი (შავი ფერის, სწრაფად შრობადი).