თბილისი (GBC) - ორი ოპოზიციური პარტია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში ხვდება, საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. 

„მივმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიას, სია არ გატარდეს რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"სამწუხაროდ ჯერჯერობით არჩევნები მოპარულად რჩება, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს ხელისუფლების მიტაცება. მათი ეს „წარმატება“ დროებითია, ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხმას დავუბრუნებთ ქართველ ხალხს და სამშობლოს დავიბრუნებთ ყველაფერს ერთად. პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად მიგვაჩნია. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და გადაწყვეტილება, რომელსაც გაგაცნობთ.

კოალიციის სია იყო 82 კაციანი, დღეს ჩვენ აქ არ გვყავს ანა ქართლელიშვილი. იმ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იგი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია, არ არის ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელმოწერილი დოკუმენტი და ასევე, არ არის ჩვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე, რომელიც სასამართლოში იკითხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ყველა, ვინც ამ საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, - თქვა ნიკა გვარამიამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ.

მომავალ პარლამენტში „კოალიციას ცვლილებისთვის“ 19 მანდატი ეკუთვნის, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ კი 16.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს: „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“.