თბილისი (GBC) - „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვის დროს პარტია „ახალს“ მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ.
დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ მორიგი სხდომა იმართება სადაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მსჯავრდებული და ბრალდებულია.
„თავიდან ჩემი ინიციატივა იყო, ყველა გავერთიანებულიყავით. ნუ, რადგან ეს არ გამოდის მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ... „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ყველა ვარიანტში პირველ ადგილზე გავა, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
სააკაშვილის თქმით ის ასევე მიესალმება „ლელოსი“ და გახარიას გაერთიანებას. "მივესალმები მიუხედავად ბევრი კითხვისა იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - თქვა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებაზეც ისაუბრა და სასამართლო პროცესზე ჩართვისას თქვა: "ეს კაცი თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მეც ჩამკეტა. მან კარგად იცის რამხელა მხარდაჭერა მაქვს, როგორ მიყვარს ჩემი ხალხი და როგორ ვუყვარვარ ჩემს ხალხს. თვითონ არის გალიაში ჩაკეტილი იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის თუ როგორ ეზიზღებათ. ამ ზიზღსაც დამსახურება უნდოდა და სიყვარულსაც, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ დამსახურება უნდა.
დღეს აქტუალურია ბოდიშების მოხდა. საქართველო არასდროს არ მოიხდის ბოდიშს. დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშების მოხდის დრო არ არის. დღეს არის სიძლიერის და საკუთარი სიმართლის გატანის დრო...
საქართველოს ჰყოლია სუსტი მმართველები, მაგრამ ისტორიაში არასდროს ჰყოლია მოღალატე მმართველები".
ცნობისთვის, პარტია „ახალი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შექმნეს. მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიამ შექმნა „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელშიც გაერთიანებულები არიან: „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე.