თბილისი (GBC) – სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე 1.50 ლარად ჩაიბარებს, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე 1.50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე 1.50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას 1.50 ლარსა და მიღებულ საფასურს შორის.
„საქართველოს მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
„საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.