თბილისი (GBC) – კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებას ახალი სტატუსით აგრძელებს. 

კომპანიამ 2024 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო, რაც 2023 წლის მონაცემებს 12 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

გასულ წელს კრისტალმა ფინანსური რესურსი მოიზიდა ისეთი გავლენიანი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (Proparco), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) BlueOrchard Finance Ltd, responsAbility Investment AG, Bank im Bistum Essen eG, Triple Jump B.V., Kiva, Developing World Markets (DWM) და Symbiotics Asset Management SA.

„ფინანსური ნაკადების უწყვეტობამ, მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებამ, „კრისტალი“, როგორც სანდო, შედეგზე ორიენტირებული კომპანია და სტაბილური პარტნიორი, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ეს არა მარტო ჩვენს მდგრად განვითარებაზე, არამედ ზოგადად, ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. კრისტალი, უკვე როგორც მიკრობანკი, ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობასა და მათგან დაფინანსების მოზიდვის კუთხით მუშაობას 2025 წელსაც აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნავს „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია.

მიღებული საკრედიტო რესურსები სხვადასხვა სტრატეგიულ და მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესების, მიკრომეწარმეების, ქალების, ახალგაზრდებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური სერვისებით მხარდაჭერას, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის წახალისებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალი პროდუქტების შექმნასა და არსებულის დახვეწას მოხმარდება.

2024 წელს კრისტალის დაფინანსების სტრუქტურა მეტად დივერსიფიცირებული გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოურ კაპიტალზე გაზრდილი წვდომის, ახალი საკრედიტო რესურსებისა და უწყვეტი თანამშრომლობის საფუძველზე, 2024 წელს Fitch Ratings-მა კრისტალის გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) გააუმჯობესა (საკრედიტო შეფასება 2 დონით გააუმჯობესა) და ‘B’ სტაბილურად შეაფასა.

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ
ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგრამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.