თბილისი (GBC) - სებმა ვალუტის გადამცვლელი ორი პუნქტი ჯამში 45 000 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ინდმეწარმე „იოსებ დოლაბერიძე“ 24 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო „ნინო ალექსიშვილი-ნინი“ – 21 000 ლარით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იოსებ დოლაბერიძის“ შემთხვევაში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

შემოწმების პროცესში გამოვლინდა, ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 4 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 4 000 ლარი.

შედეგად, ჯამურად, სანქციების მოცულობამ 24 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება „ნინო ალექსიშვილი-ნინის“, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ხსენებული დარღვევის 3 შემთხვევისათვის, სულ - 21,000 ლარს.