თბილისი (GBC) – ჩინელმა ვირუსოლოგებმა ღამურას ახალი კორონავირუსი გამოავლინეს, რომელსაც ისევე შეუძლია ადამიანებზე გავრცელება, როგორც ეს კოვიდ–19–ის შემთხვევაშია. ამის შესახებ ჩინური გაზეთი South China Morning Post წერს. 

მკვლევრების მონაცემებით, ვირუსი კორონავირუსის ახალ ხაზს მიეკუთვნება და მას HKU5-CoV-2 უწოდეს. ვირუსი ჰონკონგში ერთ–ერთი სახეობის ღამურას აღმოაჩნდა.

კვლევა გუანჩჟოუს ლაბორატორიაში ჩატარდა, რომელშიც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებიც მონაწილეობდნენ. სამუშაოებს ცნობილი ვირუსოლოგი ში ჩჟენლი ხელმძღვანელობდა, რომელსაც სამეცნიერო წრეებში „ღამურას“ უწოდებენ მის მიერ კორონავირუსზე ჩატარებული კვლევების გამო.

2024 წლის დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენებმა ორწლიანი გამოძიების შედეგად განაცხადეს, რომ კოვიდ–19 დიდი ალბათობით ლაბორატორიული წარმოშობისაა და ვირუსმა ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შემდეგ გავრცელდა. გამოძიების ანგარიშში მოყვანილია მთელი რიგი არგუმენტებისა, მათ შორის ვირუსის უჩვეულო ბიოლოგიური თავისებურებები და ინფიცირების ერთი წყარო, განსხვავებით წინა პანდემიებისა.