თბილისი (GBC) - სების ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 593.7 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2024 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -7.6%-დან -7.4%-მდე შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 27.1%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა.
სების ინფორმაციით, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2024 წლის მეორე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს (3 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 8.1%-ით მეტია.
2024 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -543.9 მლნ აშშ დოლარი (-1.5 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 14.1%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 22.4%-ით შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 5.7%-ით გაიზარდა და 2024 წლის მეორე კვარტალში 868.3 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.2%-ით გაიზარდა 824 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 486.5 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6%-ია.
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.