თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC) ცნობით, Ameriabank CJSC-მ პირველი $50 მლნ-ის ოდენობის 8.5%-იანი მუდმივი, გამოსყიდვადი Additional Tier 1 (AT1) კაპიტალის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა (Notes-ის ნომინალური ღირებულება – $10,000). 

Ameriabank-მა ობლიგაციები ადგილობრივ, სომხეთის ბაზარზე განათავსა, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ განთავსების პერიოდად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2026 წლის 2 თებერვლიდან 29 მაისამდე, ინვესტორების მაღალი ინტერესის გამო, სრულად მოხდა მისი ერთდროული ათვისება.

მინიმალური ინვესტიცია: მინიმუმ ხუთი ფასიანი ქაღალდის შეძენა.

ნოტები მუდმივია, თუმცა, ბანკს 5 წლის შემდეგ, ქოლ ოპციონის უფლება აქვს გამოისყიდოს ისინი.  8.5%-იანი კუპონის განაკვეთის გადახდა ნახევარწლიურად მოხდება.

განთავსების ორგანიზატორი თავად Ameriabank CJSC იყო. მოსალოდნელია, რომ ნოტები განთავსდება Armenia Securities Exchange-ზე.

„ჩვენი AT1 ფასიანი ქაღალდების მიმართ ძლიერი მოთხოვნა ნათლად ადასტურებს ბაზრის ნდობას ჩვენი საკრედიტო ისტორიისა და დისციპლინირებული ბალანსის მართვის მიმართ. კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლების გაძლიერებით, ეს ტრანზაქცია გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას განვახორციელოთ ზრდის სტრატეგია და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი როლი, როგორც სომხეთის ეკონომიკის უდიდესმა კრედიტორმა“, - განაცხადა Ameriabank-ის ფინანსურმა დირექტორმა (CFO) იოვანეს ტოროიანმა.

„მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ Ameriabank-ის პირველი AT1 ნოტების წარმატებული განთავსება ადგილობრივ ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს ინვესტორების ნდობას და წარმოადგენს ბანკის ძლიერი ქონების მართვის პლატფორმისა და დისტრიბუციის შესაძლებლობების ნათელ დადასტურებას. აღნიშნული ემისია Ameriabank-ს აძლევს შესაძლებლობას შექმნას კაპიტალის ბუფერები, რაც ზრდის მის მოქნილობას შემდგომი ზრდისა და სტრატეგიული მიზნების შესრულებისათვის“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ, ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა (CEO).

სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მოქმედი კაპიტალის მოთხოვნების შესაბამისად, ბანკებმა უნდა შეინარჩუნონ მინიმალური ჯამური კაპიტალი 30 მლრდ სომხური დრამის ოდენობით (≈$80 მლნ)

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის 4Q25 ანგარიშის შესაბამისად, ბანკი აკმაყოფილებდა მინიმალური ჯამური კაპიტალის მოთხოვნებს 2025 წლის 31 დეკემბრისა და 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ბანკი კაპიტალად განსაზღვრავს იმ ელემენტებს, რომლებიც საკრედიტო დაწესებულებებისთვის კაპიტალად არის განსაზღვრული შესაბამისი კანონმდებლობითა და მარეგულირებელი ნორმებით. სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მოქმედი კაპიტალის მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც საქართველოს მსგავსად ბაზელის პრინციპებს ეფუძნება, ბანკებმა უნდა შეინარჩუნონ კაპიტალისა და რისკ შეწონილი აქტივების თანაფარდობა დადგენილ მინიმალურ დონეზე მაღლა. 2025 წლის 31 დეკემბრისა და 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული მინიმალური დონე შეადგენდა 11%-ს.

31 დეკემბრის მდგომარეობით, Ameriabank-ის ჯამური კაპიტალის მოცულობა 361.07 მლრდ სომხური დრამი იყო (≈$958 მლნ), მათ შორის, Tier 1 კაპიტალი 306 მლრდ დრამი ($811.6 მლნ), ხოლო 55 მლრდ ($146.2) კი Tier 2.

აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთის ცენტრალური ბანკმა დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%-ზე შეამცირა. ხოლო კონტრციკლური ბუფერი კი 2024 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ (+0.25პ.პ), 1.75%-ზე ნარჩუნდება.