თბილისი (GBC) – ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრის გენერალური სპონსორი გახდა.

ბაზისბანკსა და სანდრო მრევლიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, სანდრო მრევლიშვილის თეატრი 51-ე სეზონს ორი პრემიერით ხსნის. 4 ოქტომბერს, მიხეილ მრევლიშვილის რეჟისორობით, სპექტაკლის „დეპუტატი, დრამატურგი...“ პრემიერა გაიმართება. კომედია ორ მოქმედებად, რომელიც შექმნილია იტალიელი დრამატურგის, ალდო დი ბენედიტის „სიყვარულის სუბლიმაციის“ მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობენ ბადრი ბეგალიშვილი, ნანკა გვარიშვილი და კახი ლიპარტელიანი. 19 ოქტომბერს კი ლაშა გოგნიაშვილის „მარლენი“ გაიმართება. სპექტაკლი მოგვითხრობს მარლენ დიტრიხის უკანასკნელი დღის შესახებ.

„მოხარული ვარ, რომ ახალ სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ. ჩვენმა თეატრმა თანამშრომლობა დაიწყო ბაზისბანკთან, რომელიც თეატრის გენერალური სპონსორი გახდა და აღნიშნული პარტნიორობა ბევრი მიმართულებით დაგვეხმარება. თეატრს, რომელსაც დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს, ნამდვილად სჭირდება გვერდით დგომა. თბილისის მერიის მხარდაჭერით ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ და ახლა ბაზისბანკის გუნდთან ერთად უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ამისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის პარტნიორობა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული თეატრის განვითარებისთვის.“ - სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მიხეილ მრევლიშვილი.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში, ახალი სეზონიდან თანამშრომლობას იწყებს სანდრო მრევლიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება თეატრისთვის და ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას.

სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE და BILETEBI.GE-ზე, ასევე თეატრის სალაროებში, სპექტაკლის დღეს, 17.00 საათიდან.