თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-მ (BOGG) აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 83,826 ჩვეულებრივი აქცია გამოისყიდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 9.2 მლნ ლარი შეადგინა. 

აქედან, 2 ნოემბრის მდგომარეობით, გაუქმებული აქციების რაოდენობამ 75,425 აქცია შეადგინა, 11,859 აქცია კი ხაზინაში რჩებოდა (ხმის უფლების მქონე აქციების რ-ობა 2 ნოემბრისთვის - 45,827,439 ცალი).

მას შემდეგ ჯგუფმა დამატებით 48,160 ცალი აქცია გამოისყიდა, რომელსაც თვის ბოლოს გააუქმებს. აღნიშნული აქციების გამოსყიდვისას კი მინიმალური ფასი 32.30 ფუნტი, ხოლო მაქსიმალური 36.10 ფუნტი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ BOGG-ის დირექტორთა  საბჭომ აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების ახალი 62 მლნ-იანი პროგრამის შესახებ აგვისტოში განაცხადა და ოქტომბერში დაამტკიცა. აქციების გაუქმებას ჯგუფი მაქსიმუმ მომდევნო წლის მაისამდე გეგმავს (2024 - ის AGM-მდე).

2023 წლის ივნისში კომპანიამ წინა 260.7 მლნ ლარის გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 3,254,705 ჩვეულებრივი აქცია გამოისყიდა და გააუქმა, რაც კომპანიის გამოშვებული სააქციო კაპიტალის 6.6%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, BOGG-მ შუალედური დივიდენდი 3.06 ლარის ოდენობით თითო აქციაზე აგვისტოში გამოაცხადა და 27 ოქტომბერს გადაიხადა (სულ - 134 მლნ ლარი).

სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, ჯგუფის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა 43,816,379 იყო (-4% y.y), ხოლო ხაზინაში არსებული აქციების რაოდენობა, რომელთაც ხმის უფლება არ აქვთ -  2,098,344 ცალი (-19.1% y.y).