თბილისი (GBC) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა" წარადგინეს.
ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან ელემენტზე: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.
EBRD-ის და სების ერთობლივი ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გახსნა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია.
"ვამაყობთ, რომ EBRD-მ ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად საქართველო აირჩია. საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია, ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით, არ გააჩნია დიდი ბუნებრივი რესურსები, განვითარების მცდელობებს ხშირად საფრთხის ქვეშ აყენებს გლობალური, რეგიონული თუ ლოკალური ხასიათის შოკების გავლენა. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა საქართველომ წარმატებას მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ ნაშრომი სხვა ქვეყნებსაც შთააგონებს და მხარს დაუჭერს მათი ადგილობრივი ბაზრების განვითარების ძალისხმევას EBRD-ის დახმარებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა, მან ანგარიშის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც საქართველომ გააკეთა როგორც ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყანამ - აბსოლუტურად უმაღლესი კლასია. საქართველოს ბაზრის განვითარების წარმატების მაგალითი კი ხაზს უსვამს რამდენიმე საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის ფინანსური ბაზრები.
"ძალიან ვამაყობთ, რომ ვაქვეყნებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2010 წლიდან ჩვენი მხარდაჭერით შესრულებულ სამუშაოს რეტროსპექტივას. იგი ხაზს უსვამს ზოგიერთ საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის შესაძლებლობები; მთავარია ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის განვითარება და ფინანსურ სისტემაში რისკის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება", - განაცხადა EBRD-ის ხაზინადარმა აქსელ ვან ნედერვენმა.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც ქართული კომერციული ბანკების, EBRD-ისა და Bloomberg-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
EBRD-ის და სებ-ის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ლალიაშვილმა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ თემატური პრეზენტაციები გამართეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფინანსო სექტორის, კომერციული ბანკების საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები.