თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების 2026 წლის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოს საქართველოს ბანკის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების პორტფელმა დაახლოებით ₾1.27 მილიარდი შეადგინა. ეს საბანკო სექტორში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ბაზრის 68%-ს წარმოადგენს.
საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ პორტფელის მოცულობით, არამედ 2025 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე სესხების მიხედვითაც. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში დაახლოებით ₾838 მილიონის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხი გაიცა. აქედან თითქმის ნახევარი, დაახლოებით ₾413 მილიონი, საქართველოს ბანკზე მოდის.
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესები ინვესტირებას ახორციელებენ განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ენერგოეფექტურობაში, მდგრად სოფლის მეურნეობასა და მწვანე ტრანსპორტში. ეს კომპანიებს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ეხმარება, ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.
ბანკი ლიდერობს მწვანე აქტივების კოეფიციენტითაც (Green Asset Ratio). საქართველოს ბანკის მაჩვენებელი 3.2%-ს შეადგენს, მაშინ როცა სექტორის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2.1%-ია. ამასთან, საქართველოს ბანკი სექტორში პირველ ადგილზეა ტაქსონომიის შესაბამისი სოციალური დაფინანსების ჯამური მოცულობითაც.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსება 42.5%-ით გაიზარდა და ₾2.16 მილიარდს მიაღწია. ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საქართველოს ბანკია.
“ჩვენი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის სტრატეგიულ ერთგულებას მდგრადობის მიმართ და ჩვენს წამყვან როლს ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მწვანე დაფინანსება ბიზნესს რეალურ სარგებელს აძლევს: ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიაში ინვესტიცია კომპანიებს საოპერაციო ხარჯებს უმცირებს, ენერგიაზე დამოკიდებულებას ამცირებს და კონკურენტუნარიანობას უზრდის. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე - როგორც დაფინანსებით, ისე ცოდნის გაზიარებით“, - განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
(R)
