თბილისი (GBC) - მისო "ევრო კრედიტი"  10 მლნ დოლარის 4-წლიანი ობლიგაციების (200 ცალი) ემისიაზე აცხადებს. ნომინალი $50 000-ია, საორიენტაციო ფიქსირებული განაკვეთით 9,5%-10%.

ფასიან ქაღალდებს რეიტინგი არ გააჩნია. შეთავაზების თარიღი 27 ნოემბერია. განთავსების აგენტია "ალფა კაპიტალ ედვაიზორი", რომელსაც გამოცდილი ბანკირი ირაკლი მელაშვილი მართავს (სხვადასხვა დროს იყო TBC-ის წამყვანი მენეჯერი, ალფა კაპიტალის მმართველი და ფინკას გენერალური დირექტორი).

გადახდის და კალკულაციის აგენტია „პაშა ბანკი"( საქართველო), იურიდიული მრჩეველი: BLC.

ობლიგაციები წარმოადგენს კომპანიის არაუზრუნველყოფილ და არასუბორდინირებულ ვალდებულებას. ყველა ობლიგაციას აქვს თანაბარი, იდენტური სამართლებრივი სტატუსი. განთავსებიდან ერთ თვეში ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტება.

მოზიდული $10 მილიონი გამოიყენება საკრედიტო რესურსად, კრედიტორების მიმართ მისოს ვალდებულებების დასაფარად. ასევე დივიდენდებისთვის. თუ კაპიტალის განაწილების წესი საზედამხედველო კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, ფული განაწილდება სებ-ისაგან შესაბამისი თანხმობის საფუძველზე,
(ასეთი თანხმობის საჭიროების შემთხვევაში).

ემიტენტი მ/ო, 1 მლნ ლარის საწესდებო კაპიტალით, Zuk Group-ის წევრია. ბიზნესჯგუფი აშშ-ში, რუმინეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი. კაპიტალი დაყოფილია 100 ლარის ნომინალის 10,000 ცალ ჩვეულებრივ აქციად.

(ბიზნესპარტნიორი)