თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით ₾400 მლნ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება წარმატებით დაასრულა. უწყების ინფორმაციით, 21 მაისს განხორციელებულმა გამოშვებამ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია და მთლიანმა მოთხოვნამ ₾1.8 მლრდ-ს მიაღწია, რაც შეთავაზებულ მოცულობას 4.5-ჯერ აღემატება.

სამინისტროს განცხადებით, სინდიკაციის პროცესში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობის (yield) ორ ეტაპად შემცირება და მისი საბაზრო ფასთან გათანაბრება. აუქციონზე არარეზიდენტი ინვესტორების აქტივობამ ₾850 მლნ შეადგინა.

5.9 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილების შედეგად, მთლიანი გამოშვების 65% არარეზიდენტ ინვესტორებზე გადანაწილდა, ხოლო დარჩენილი 35% ადგილობრივმა რეზიდენტებმა შეისყიდეს. გეოგრაფიულ ჭრილში უცხოელი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის რეზიდენტები შეადგენენ.

ინვესტორთა კატეგორიების მიხედვით, გამოშვებული ობლიგაციების 64% საერთაშორისო აქტივების მმართველმა კომპანიებმა შეიძინეს, 24% ადგილობრივმა სადაზღვევო და საპენსიო ფონდებმა, 11% კომერციულმა ბანკებმა, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (IFI) შეისყიდეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გამოშვების მიზანი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარება, ინვესტორთა ბაზის სტრუქტურული დივერსიფიკაცია და ბაზარზე მეტი არარეზიდენტის მოზიდვა იყო.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული სინდიკაცია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საშინაო ვალის წლიური წმინდა ზრდის (₾1.8 მლრდ) ფარგლებში განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია არ გამოიწვევს ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვას ან საშინაო ვალის გეგმის ზემოთ ზრდას.