თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) ცნობით, ჯგუფის ფინანსურ დირექტორად (CFO) მიმდინარე წლის 13 ივლისიდან გაი სტივენსი ინიშნება.
სტივენსს თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსური ინსტიტუტების სექტორში კორპორაციული ფინანსების მიმართულებით. მას მაღალი პოზიციები ეკავა, მათ შორის, UBS Investment Bank-ში, Deloitte Corporate Finance-სა და Keefe, Bruyette & Woods-ში, სადაც EMEA რეგიონში ბანკებსა და სხვა ფინანსურ მომსახურების კომპანიებს უწევდა კონსულტაციას სხვადასხვა სტრატეგიულ და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე.
ჯგუფის ცნობით, მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ახლო ურთიერთობა TBC ბანკთან, მათ შორის, 2014 წელს TBC Bank-ის პირველ საჯარო შეთავაზებაზე (IPO) ერთობლივი გლობალური კოორდინატორის როლში.
TBC-ის ცნობით, ჯგუფის მოქმედი ფინანსური დირექტორი გიორგი მეგრელიშვილი, თანამდებობას 1 აგვისტოდან დატოვებს.
TBC Bank-ის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მეგრელიშვილის შემცვლელს კომპანია მოგვიანებით დაასახელებს.
“მივესალმებით გაის, როგორც ჩვენი ჯგუფის ახალ ფინანსურ დირექტორს, ჯგუფის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე. მისი ღრმა გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებსა და კაპიტალის ბაზრებში, ჩვენი ბიზნესის სიღრმისეული ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტრატეგიის განხორციელებისა და შემდგომი ზრდის შესაძლებლობების განვითარების პროცესში. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო გიორგის ჯგუფში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, TBC PLC-ის CEO.
მეგრელიშვილს მადლობას ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არნე ბარგრენიც უხდის და სტივენსის მოსვლით, მენეჯმენტის გუნდის გაძლიერებისა და საბჭოს პრიორიტეტების შესრულების გაუმჯობესების იმედი აქვს.
შეგახსენებთ, მეგრელიშვილი ჯგუფს 2020 წელს შეუერთდა, ჯერ მაისში CFO-ს მოადგილედ, იმავე წლის ოქტომბრიდან კი CFO-დ გადაინაცვლა. თიბისიში მისვლამდე, ამსტერდამის Natwest Markets N.V.-ის კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.