თბილისი (GBC) – „საქართველოში ენერგორესურსების ფასების მერყეობისა და შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური წნეხის ფონზე, ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას”, - აცხადებს Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) CEO, არჩილ გაჩეჩილაძე.
მისივე განცხადებით, საკვანძო სეგმენტებში სესხებზე არსებული ძლიერი მოთხოვნა აძლევს ჯგუფს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს ხელსაყრელი საპროცენტო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ჯგუფის წმინდა საპროცენტო შემოსავლის ზრდას.
ამავე დროს, მისი თქმით, ვალუტის კურსის შედარებით დაბალი მერყეობა სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას იწვევს.
გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოსა და სომხეთში მაკროეკონომიკური პირობები 2026 წლის დასაწყისში კვლავ ძლიერი იყო, რასაც მხარს უჭერდა მყარი შიდა მოთხოვნა და გარე შემოდინებების მდგრადობა. “ორივე ეკონომიკის სტაბილურობისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული ძლიერი შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ 2026 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გავზარდეთ საქართველოსთვის 7%-მდე, ხოლო სომხეთისთვის 6%-მდე”, - აცხადებს ის.
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაზე გავლენა იქონიოს, ძირითადად ენერგეტიკული ბაზრების მერყეობისა და ინფლაციის ზრდის გზით, ორივე ეკონომიკა კვლავაც მყარ მდგომარეობაში რჩება, რასაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი რეზერვები, გონივრული ფისკალური პოლიტიკა და სანდო მონეტარული მართვა, - აღნიშნავს ჯგუფის CEO და კონფლიქტის დადებით მხარესაც უსვამს ხაზს „ხანგრძლივმა კონფლიქტმა შესაძლოა დამატებითი დადებითი ეფექტიც გამოიწვიოს შუა დერეფნის მიმართულებით, ასევე კაპიტალისა და ტურისტული ნაკადების გადანაწილების კუთხით”.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკა 2024 წლის მაისში 8%-ზე განისაზღვრა და გუშინდელ დღემდე უცვლელი იყო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე განაკვეთი 0.25 პ.პ.-ით, 8.25%-მდე ზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
სების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ. აპრილში, ინფლაციამ 5.9% შეადგინა, მ.შ საბაზო ინფლაციამ კი (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) აპრილში 3.2%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა.
სების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს, ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.
მპკ-ის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს ჩატარდება.