თბილისი (GBC) - TBC Uzbekistan-მა 1Q26 93 მლრდ სუმის (≈ $7.7 მლნ) წმინდა მოგებით და 700 მლრდ სუმის (≈ $57.7 მლნ) საერთო საოპერაციო შემოსავლით დაასრულა და მყარი ზრდა დააფიქსირა ბიზნესის ყველა ძირითად მიმართულებაში - საცალო დაკრედიტებიდან მეწარმეებისთვის განკუთვნილ SaaS-გადაწყვეტილებებამდე.
ეკოსისტემის საერთო აუდიტორიამ, რომელიც აერთიანებს TBC Bank-ს უბეკეთში, გადახდის სერვის payme-ს, განვადების სერვის TBC BNPL-ს, ციფრულ სადაზღვევო პლატფორმა TBC Sug'urta-სა და საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ SaaS-გადაწყვეტილება BILLZ-ს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 24.2 მილიონ რეგისტრირებულ მომხმარებელს მიაღწია - 23%-ით მეტს, ვიდრე ერთი წლის წინ. ყოველთვიურმა აქტიურმა აუდიტორიამ 5.8 მლნ ადამიანი შეადგინა.
ეკოსისტემის პლატფორმების მეშვეობით განხორციელებული გადახდების მოცულობა წლიურ ჭრილში 31.1%-ით გაიზარდა და 31.8 ტრლნ სუმს (≈ $2.62 მლრდ) მიაღწია. სადეპოზიტო პორტფელი 24.3%-ით 7.1 ტრლნ სუმამდე (≈ $585 მლნ) გაიზარდა, ხოლო საკრედიტო პორტფელი 3.4%-ით გაიზარდა და 10.4 ტრლნ სუმს (≈ $857 მლნ) მიაღწია.
საცალო პროდუქტებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფლაგმანური სადებეტო ბარათის TBC Salom-ის დინამიკა:
კვარტალის განმავლობაში გამოშვებული სადებეტო ბარათის TBC Salom-ის რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის 230 ათას მაჩვენებელთან შედარებით. ამ ბარათებზე არსებული ნაშთები საერთო სადეპოზიტო პორტფელის დაახლოებით 4%-ს ქმნის. საკრედიტო ბარათი TBC Osmon-ის ემისიამ 183 ათას ერთეულს მიაღწია, ხოლო მასზე არსებული ნაშთები მთლიანი საკრედიტო პორტფელის 9%-ს შეადგენს. კომპანია საკუთარ თავს უზბეკეთის ჩამოყალიბებადი საკრედიტო ბარათების ბაზრის ლიდერებს შორის ასახელებს, რომელიც, მისი შეფასებით, სწრაფ ზრდას აჩვენებს მომხმარებლებში პროდუქტის გავრცელებასთან ერთად.
TBC ბანკსა და გადახდის აპლიკაცია Payme-ში ხელმისაწვდომმა სააბონენტო პაკეტებმა 1.1 მილიონი მომხმარებელი მიიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით შვიდჯერ მეტია. განვადების სერვისმა TBC BNPL 190 ათას აქტიურ მომხმარებელს მიაღწია; გადავადებული გადახდის ფუნქცია ინტეგრირდა payme-ის აპლიკაციასა და payme travel-ის განყოფილებაში, რამაც ამ არხით ჯავშნებისა და ბილეთების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ორჯერ გაზარდა.
TBC პარალელურ რეჟიმში მიმდინარე წელს უზბეკეთში ავტოსესხების გაშვებისსთვის ემზადება მყისიერი დამტკიცებით, ერთ წუთზე ნაკლებ დროში. წინასწარი პარტნიორული შეთანხმებები უკვე გაფორმებულია რიგ მწარმოებლებთან, დილერებთან და დისტრიბუტორებთან.
ბიზნესმიმართულება TBC Biznes 67 ათას რეგისტრირებულ კლიენტს ითვლის, რომელთაგან 21 ათასი აქტიურია. მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტებზე, მათ შორის თვითდასაქმებულებზე, გაცემული სესხების საერთო რაოდენობამ 185 ათასს გადააჭარბა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 18%-ს შეადგენს. კვარტალის განმავლობაში გაეშვა ახალი აპლიკაცია TBC Biznes, ბაზარზე წარდგენილი იქნა მრავალდონიანი სააბონენტო სერვისი, ხოლო მეწარმეებისთვის სესხის მაქსიმალური მოცულობა 600 მილიონ სუმამდე (≈ $49.4 ათასი) გაიზარდა.
SaaS-პლატფორმამ BILLZ პირველ კვარტალში 11 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაამუშავა, საერთო მოცულობით 5.8 ტრლნ სუმი (≈ $478 მლნ). მარტის ბოლოსთვის მისი მომხმარებელთა რაოდენობა 4 ათასზე მეტ რეგისტრირებულ ბიზნესკლიენტს შეადგენდა, ხოლო აქტიური სავაჭრო ობიექტების ქსელმა 6 ათასს გადააჭარბა. მიკრო და მცირე ბიზნესის დასაფარად გამოუშვა BILLZ lite, პლატფორმის გამარტივებული მობილური ვერსია.
ტექნოლოგიურ სფეროში კომპანიამ დაასრულა AI-ასისტენტ Lola-ს დანერგვა მთელი მომხმარებლების ბაზისთვის, 2025 წლის ბოლოს Friends & Family რეჟიმში წარმატებული ტესტირების შემდეგ. 2026 წლის აპრილში ასისტენტი დაჯილდოვდა Global Finance-ის მიერ, როგორც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საუკეთესო ფინტექ-ინოვაცია. კვარტლის სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს შორის იყო QR-გადახდების დაკავშირება TBC Bank-ში MSQR და CSQR ფორმატების გამოყენებით, ასევე payme-ის ინტეგრაცია ბანკის პარტნიორულ ქსელში, რამაც TBC Bank-ის მომხმარებლებს 20 ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტზე წვდომა გაუხსნა.
„გასული კვარტალი მნიშვნელოვანი მიღწევებით აღინიშნა, რომლებიც საფუძველს უყრის ჩვენი ეკოსისტემის, როგორც რეგიონის წამყვანი ერთიანი პლატფორმის, შემდგომ ზრდასა და განვითარების ახალ ეტაპს მომხმარებლებისა და მეწარმეებისთვის“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, TBC Uzbekistan-ის CEO-მ. მისი თქმით, ფლაგმანური საბარათე პროდუქტები სწრაფად ზრდიან აუდიტორიას, ბიზნესმიმართულება უკვე თვალსაჩინო შედეგებს იძლევა, ხოლო AI-ასისტენტი Lola მომავალში სრულფასოვან პერსონალურ დამხმარედ გადაიქცევა, რომელიც კორპორატიულ და საცალო კლიენტებს ერთიან ეკოსისტემაში დააკავშირებს.