თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-მა (GCAP) აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში, კაპიტალი 350,000 აქციით შეამცირა.

გაუქმების შედეგად, ჯგუფის ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა 36,537,357-ით განისაზღვრა (დამატებით 30,000 აქცია ხაზინაშია).

აღნიშნული პროგრამა დირექტორთა საბჭომ ივლისის დასაწყისში დაამტკიცა, რომლითაც წინა $50 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა $18 მლნ-ით გაზარდა.

პროგრამის ფარგლებში, თითო აქციაზე გადახდილი მაქსიმალური ფასი არ უნდა აღემატებოდეს უკანასკნელად გამოქვეყნებულ აქტივების წმინდა ღირებულებას თითო აქციაზე (NAV per share).

პროგრამის ზრდა წარმოადგენს GCAP-ის იმ ადრე გამოცხადებული განზრახვის დასასრულს, რომლის მიხედვითაც კომპანიას სურდა 2026 წლის ბოლომდე კაპიტალის დაბრუნების მიზნით გამოეყო ₾300 მლნ - რაც ამ მიზნის განხორციელებას საგრძნობლად ადრეულ ვადაში ნიშნავს.

2025 წლის ყოველწლიური საერთო კრების (AGM) გადაწყვეტილებით, მაქსიმუმ 5,233,275 აქციის გამოსყიდვაა ნებადართული. პროგრამა სამი თვით, 2025 წლის 2 ოქტომბრამდეა გახანგრძლივებული.