თბილისი (GBC) - „ნიკორა ტრეიდმა“ ₾120 მლნ-ის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 დასკვნითი ტრანშის სახით, ₾60 მლნ-ის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით განათავსა. საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით (ამ დროისთვის 8.5%) ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. 

ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ ფასიანი ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რაც ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის მორიგი დადასტურებაა.

"თიბისი კაპიტალსა და “ნიკორა ჯგუფს” მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ - დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კომპანიის მთავარი პარტნიორები ვართ. ჯგუფი სავალო კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა: 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 ტრანზაქციაა, საიდანაც 7 თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე: წლის დასაწყისიდან მონაწილეობა მივიღეთ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაში, შედეგად, თიბისი კაპიტალი ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და 2025 წლის მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 68%-იან წილს ფლობს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოზიდული ფინანსური რესურსი თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება — პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. 10 ჰა ფართობზე განთავსდება სასაწყობე ინფრასტრუქტურა. ლოგისტიკური ცენტრი გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს", - თემურ ალექსანდრია, ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ნიკორა ტრეიდი“ ნიკორა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბრეს“ ბრენდებით ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 700-მდე ფილიალს მართავს. კომპანია 25 წელია, რაც საცალო-სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე მუშაობს.