თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდი, საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის ივლისის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ ეს თვე საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის სტაბილური ზრდით ხასიათდებოდა. 

"გლობალური ბაზრების სისუსტისა და ლარის აშშ დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციის ფონზე, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობას ამცირებს, ივლისის თვის პოზიტიური დინამიკა ძირითადად ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული აქტივების მაღალ და სტაბილურ ამონაგებს უკავშირდება", - წერს საპენსიო ფონდი.

ივლისში, ყველაზე მაღალი - 0.62%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები შესაბამისად 0.51% და 0.20%-ით გაიზარდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის კლებამ 0.17% შეადგინა, რაც პორტფელების რეალურ ამონაგებზე დადებითად აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ თვე დინამიკური პორტფელისთვის შედარებით სუსტი აღმოჩნდა, წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით აღნიშნული პორტფელი ლიდერობს. თუმცა, შემოსავლიანობა სამივე პორტფელში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება:

  • კონსერვატიული – 6.00%
  • დაბალანსებული – 6.50%
  • დინამიკური – 7.08% 

ცნობისთვის, დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს - პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.3%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისთვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.5% და 11.5%-ს შეადგენენ.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ივლისის ბოლოსთვის ₾7.2 მლრდ-ს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – ₾1.8 მლრდ-ს გადააჭარბა.