თბილისი (GBC) - მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, რომელიც "თიბისი კაპიტალმა" მოამზადა, 2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 24% და 18%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში, რეზიდენტებმა თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 87%, ხოლო არარეზიდენტებმა - 13% დაიკავეს. 

2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეული ხარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებში დანახარჯების წილი 13%-ს გაუტოლდა.

ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 19 ლარი დაფიქსირდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 9% შეადგინა.

ამასთან, 2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 67% და 33% შეადგინა.

"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვის თანახმად, სამომხმარებლო საქონლის გაზრდილი წილი სავარაუდოდ აიხსნება სეზონური და სადღესასწაულო ფასდაკლებებით.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 40% დაიკავა.