თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასნამატის საკითხზე მიმდინარე სამუშაო პროცესი მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც გამოიკვეთება ფასების ზრდის ყველა ასპექტი და შესაძლებელი გახდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება.

„ამის საფუძველზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვიჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარე ანალიზი აჩვენებს, რომ საკითხი კომპლექსურია და საჭიროებს დეტალურ შეფასებას, რათა გადაწყვეტილებები იყოს არგუმენტირებული და რეალურად ეფექტიანი ფასების სტაბილიზაციის მიმართულებით.