თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 26 იანვრით თარიღდება.

„დაინიშნოს მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, - წერია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2022 წლიდან, იგორ დოლგოვის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ, ვაკანტურია. ამ პერიოდში ოთხ წელზე ნაკლებ დროში უკრაინას თბილისში ხუთი დროებით მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა. ბოლო რომან იაკოვენკო იყო.

მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მსახურობს. სხვადასხვა დროს ის იყო უკრაინის გენერალურ კონსული სტამბოლსა და კრაკოვში. ხოლო 2015 წლიდან 2022 წლამდე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - სლოვენიაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ უკრაინის ელჩები 16 ქვეყანაში შეცვალა. განკარგულებების თანახმად, ზელენსკიმ გაათავისუფლა უკრაინის ელჩები სამხრეთ აფრიკაში, მექსიკაში, უზბეკეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კანადაში, ესტონეთში, იტალიაში, კვიპროსში, სამხრეთ კორეაში, მონღოლეთში, შვედეთში, კენიაში, ტანზანიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინში.