თბილისი (GBC) - ინვესტორების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისადმი მაღალი ინტერესი, ადასტურებს მათ ნდობას არამხოლოდ ქვეყნის მიმდინარე ფისკალური მდგრადობის, არამედ მისი სამომავლო პერსპექტივების მიმართაც, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ, განამტკიცა საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი, რაც მიმდინარე წლის იანვარში 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვებაშიც აისახა.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე, ახალი ობლიგაციის გამოშვება განსაზღვრავს ერთი მხრივ, ქვეყნის რისკის დონეს, ხოლო მეორე მხრივ, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.

„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან მოთხოვნა 5.5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მზად იყვნენ 2,8 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამავდროულად, განაკვეთის მხრივ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო რეიტინგის არმქონე სუვერენულმა ემიტენტმა მიაღწია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

იგი ასევე, შეეხო მიმდინარე წლის მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხს, როცა ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების სინდიკაციის მეთოდი (400 მილიონი ლარის ოდენობით), რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

მინისტრის თქმით, ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა 1.8 მილიარდი ლარი იყო, რაც 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.