თბილისი (GBC) - ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობის მიზნით, თიბისიმ პარტნიორ Transaction Systems - თან  ერთად, ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის - ინტეგრირებული სალარო ტერმინალი დანერგა, რომელიც მერჩანტებს გადახდების მართვას კიდევ უფრო უმარტივებს. 

ეს პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მერჩანტის სალარო პროგრამას და ერთდროულად იღებს, როგორც ნაღდ, ისე უნაღდო გადახდებს. აქამდე ნაღდი გადახდების მისაღებად, ცალკე მდგომი ტერმინალი იყო საჭირო.

მოწყობილობა შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფისკალურ რეგულაციებს და ნაღდი გადახდების მონაცემები შემოსავლების სისტემაში ავტომატურად აისახება, შესაბამისად, პოს ტერმინალი სრულად ანაცვლებს სალარო აპარატს და მერჩანტებს მხოლოდ ერთი მოწყობილობით შეუძლიათ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება.

მაქსიმალურად გამარტივებულია ტერმინალის ინსტალაცია - გამოყენებაც, რაც ბიზნესებისთვის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. ინტეგრირებული სალარო აპარატების გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, ვინც აქტიურად არის დაინტერესებული ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით.