თბილისი (GBC) – საქართველო ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძეს განაცხადა. 

„მიმდინარე წელს ტვირთების გადაზიდვების მოცულობა უკვე იზრდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების მოცულობის გაზრდა შუა დერეფნის მიმართულებით. ამიტომ მოვედით ადგილზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ტვირთები შეუფერხებლად გადაადგილდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ტვირთბრუნვის ზრდა ამ მიმართულებაზე, სულ მცირე, ყოველწლიურად მოხდეს“, – აცხადებს აბაშიძე.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ახალქალაქის სადგურში ვიზიტის დროს ობიექტზე ჩინური მატარებელი შევიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპისკენ გააგრძელებს სვლას.

მატარებლები ბაქო–თბილისი–ყარსზე სატესტო რეჟიმში გადაადგილდება. ამ სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ევროპა– აზიის ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაჩნდება, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს. პროგნოზის თანახმად, ბაქო–თბილისი–ყარსზე ტვირთბრუნვის მოცულობა მიმდინარე 1 მლნ ტონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება, მომავალში 15 მლნ ტონამდე გაზრდის პერსპექტივით.