თბილისი (GBC) - 2 აგვისტოს სს “თელასის” სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულებისა და სერვისების მუშაობა. ამის შესახებ თელასის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ამჟამად ვერ სრულდება მომხმარებლისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა ავარიულ გათიშვებსა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე შესაბამის ორგანიზაციებთან წინასწარი ინფორმაციის გაგზავნა თბილისის ელექტროქსელში დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმების შესახებ.

კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მუშაობენ აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.