თბილისი (GBC) – მიკრობანკი „კრისტალი“  ლიზინგის მიმართულებით ამიერიდან მომხმარებლებს 100 000 ლარის ლიმიტის ნაცვლად, 300 000 ლარამდე თანხით დააფინანსებს. სწრაფი ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში კი მაქსიმალური თანხა 200 000 ლარი იქნება. 

გაზრდილი ლიმიტები მიკრობანკს საშუალებას მისცემს, სამშენებლო, სატრანსპორტო, სოფლის მეურნეობის თუ საწარმოო დანადგარების დაფინანსებისას აქცენტი არა მეორად საშუალებებზე, არამედ ახალ და ხარისხიან  ტექნიკაზე გააკეთოს, მომხმარებლებს კი მოქნილი და სწრაფი სერვისი შესთავაზოს.

ეფექტიანი, მომხმარებლისთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზების მიზნით, კრისტალში ლიზინგის მიმართულებით  SME ბანკინგი დაემატა.

ამას გარდა, კომპანიაში შეიქმნა ახალი პოზიცია — მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მრჩეველი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ერთი ფანჯრის პრინციპის მაქსიმალური დაცვით, არა მარტო საკრედიტო, არამედ საოპერაციო მიმართულებითაც მოემსახურება. ბიზნესკლიენტების მრჩეველი დაეხმარება ბიზნესკლიენტებს, კომპეტენტური პროფესიონალისგან ინდივიდუალურად მიიღონ საკუთარ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საკრედიტო სერვისები თუ კონკრეტული პროდუქტები და, ამავდროულად, შეასრულონ გადარიცხვები, კონვერტაციები და სხვა საოპერაციო მომსახურებები.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკლიენტების მრჩევლის პოზიცია ბიზნეს საკონსულტაციო სერვისის მიწოდებასაც ითვალისწინებს. მისი დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ საქმიანობების განვითარებისთვის საჭირო ინდივიდუალური კონსულტაციები და რეკომენდაციები, დაამყარონ სასარგებლო კავშირები, დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს, ტრენინგებს, შეიძინონ ახალი ცოდნა და გაიუმჯობესონ ბიზნესის ადმინისტრირების /მართვის უნარები და ა.შ.

დაკრედიტების მიმართულების განვითარების პარალელურად, „კრისტალში“ გრძელდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა, რაც მომხმარებლებისთვის პროდუქტებისა და სერვისების მიღებას მაქსიმალურად გაამარტივებს.

კრისტალ ლიზინგის მომსახურებების სარგებლობა დაინტერესებულ მომხმარებლებს კომპანიის ფილიალებში, კონტაქტ-ცენტრის დახმარებითა და ონლაინ, crystalone.ge-ზე დისტანციურად შეუძლიათ.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.