თბილისი (GBC) - საქსტატს მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.8%-იანი მატება.

2025 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.02 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.1%), რამაც -0.06 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (-5.3%). ამასთან, ფასების 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.25 პ.პ. შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.8%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.86 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (19.2%)
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.72 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.7%) და სასმელებზე (4.6%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 12%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.23 პ.პ.-ით იქონია გავლენა.