თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება. ეკონომიკის სამინისტროს ინიციირებული ცვლილებები „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შედის. 

კანონპროექტს “ქართული ოცნების” პარლამენტმა სამშაბათს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

განმარტებითი ბარათის  მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდა, მათ კლიენტების შენარჩუნებაში დაეხმარება.

თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ლიმიტის გაზრდის პარალელურად “გათვალისწინებულ უნდა იყოს მსხვილი სესხების რისკის გავლენა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე და გაზრდილი რისკი უნდა შემოისაზღვროს კაპიტალის მოცულობის გათვალისწინებით. აღნიშნული რისკის შემოფარგვლა ხელს შეუწყობს, რომ მცირე კაპიტალის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არ აიღონ იმაზე მეტი რისკი, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვთ”,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

აღნიშნული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) შეიმუშავებს რეგულირების ჩარჩოს და განსაზღვრავს დამატებით მოთხოვნებს საკრედიტო კოეფიციენტების სახით.

კერძოდ, სებ-მა უნდა განსაზღვროს ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული იმ სესხის ჯამური ოდენობის თანაფარდობის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან, რომელიც აღემატება 100 000 ლარს, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა იმ სესხის ჯამური ოდენობის თანაფარდობის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან, რომელიც აღემატება 100 000 ლარს.

კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შევა – ეროვნულ ბანკს რომ დამატებითი მოთხოვნების მომზადებისთვის დრო ჰქონდეს.

ამ დროისთვის საქართველოს საფინანსო ბაზარზე 31 მისო ოპერირებს.

შეგახსენებთ, ზღვრის გაზრდაზე ეკონომიკის სამინისტროს დიდი ხანია სებ-ის რეკომენდაცია აქვს. რეალურად ჯერ მხოლოდ 1 მისო ისარგებლებს  გაზრდილი  ზღვრით.

TOP-3  მისო საკრედიტო პორტფელით:

 

2024 

რიკო 

612 742 143

სვის კაპიტალი 

228 660 000

ლაზიკა

62  611  222