თბილისი (GBC) - ხელოვნური ინტელექტი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს.
ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა აპლიკაციებს სამუშაო პროცესში და პირადი მიზნებისთვის თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ. ამავე დროს, მასთან დაკავშირებული რისკები უნდა გვახსოვდეს და გამოყენებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
კიბერრჩევების სერიის ფარგლებში, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენებისას, როგორიცაა ChatGPT, Copilot, Gemini და სხვა:
1. დაფიქრდით, სანამ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაში ინფორმაციას გააზიარებთ ან ფაილს ატვირთავთ: სასურველია, პირადი მონაცემები, კონფიდენციალური კორპორატიული ინფორმაცია არ გააზიაროთ.
2. დაიცავით პერსონალური ინფორმაცია: ვინაიდან AI მოდელები ვებგვერდებზე არსებულ ინფრომაციას იყენებს, ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ საჯაროდ აზიარებთ, ნაწილობრივ ან სრულად შეიძლება იქნას გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს მიერ. დაფიქრდით, რას გააზიარებდით ფართო აუდიტორიასთან, ნამდვილად გსურთ რომ ეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს ჰქონდეს დასამუშავებლად?
3. გახსოვდეთ, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მავნე მიზნებისთვის ჰაკერებიც იყენებენ: ჰაკერებს შეუძლიათ თქვენი ხმის და იმიჯის გამოყენება იმისათვის, რომ თქვენი სახელით თქვენს ახლობლებს და ნაცნობებს თანხა გამოსძალონ; ან თქვენი მოდიფიცირებული ხმითა და იმიჯით არასასურველი ქმედებები განახორციელონ.
4. ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური ხელსაწყოა: ის ბევრი რუტინული დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაში გეხმარებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბრმა კოპირება და მინიშნება ერთმანეთისგან განსხვავდება. გამოიყენეთ AI როგორც მინიშნება და გზამკვლევი.
5. და ბოლოს, გახსოვდეთ კიბერჰიგიენის ზოგადი წესები: ძლიერი პაროლის გარდა, გაააქტიურეთ მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია ყველგან, სადაც შესაძლებელია. დააყენეთ განახლებები ყველა სამუშაო მოწყობილობაზე და იყავით ფრთხილად ყველა საეჭვო შეთავაზების თუ ინფორმაციის მიღებისას - თუ ის საეჭვოდ ან ზედმეტად კარგად ჟღერს, ის დიდი ალბათობით ყალბია.