თბილისი (GBC) -  ეკატერინე გალდავას განცხადებით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა(RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის შესაძლებლობას გაზრდის.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რამაც საერთაშორისო დონის კომპანიების ჩართულობა უზრუნველყო. ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მუშაობით წარმატებით დასრულდა.

პროექტში ჩართული იყვნენ კომერციული ბანკები და ტექნიკური ჯგუფები, ასევე ამერიკაში დაფუძნებული „მონტრანი“ და ქართული კომპანიები, რომლებიც სისტემასთან მონაწილეების ინტეგრაციას უზრუნველყოფდნენ.

ეკატერინე გალდავამ აღნიშნა თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციები მნიშვნელობაზე. რასაც აუცულებლად უნდა მივყვეთ, არ უნდა ჩამოვრჩეთ.

მისი თქმით, RTGS-ის სისტემის განახლება იყო I ეტაპი და მალე ახალ პროექტები მიყვება. 

RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას.

გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა (IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.