თბილისი (GBC) – ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებს განიხილავს, მათ შორის ბაქო-სუფსის ნავთობსადენს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა განაცხადა, რომელსაც ყაზახური მედია ციტირებს.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით აზერბაიჯანულ მხარესთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

„ტარიფს ვერ დავასახელებ, რადგან აზერბაიჯანულ მხარესთან ოფიციალური მოლაპარაკებები არ ყოფილა“, – განაცხადა აკენჟენოვმა.

ბაქო-სუფსის პროექტი შესაძლოა განახლდეს

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მაისში აზერბაიჯანმა და საქართველომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ბაქო-სუფსა საექსპორტო მარშრუტია, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. ნავთობსადენი ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა.

მისი საერთო სიგრძე 837 კილომეტრია, ხოლო გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს – დაახლოებით 145 ათასი ბარელი დღეში.

ამ მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირება 2022 წლის გაზაფხულზე შეჩერდა.