თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ. ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7პროცენტი) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4 პროცენტი მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო დარჩენილი 11.9 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების სტრუქტურა 2023 წელს:
2023 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.7 მლრდ. ლარი შეადგინა.
2023 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 41.9 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 64.0 პროცენტი ქალი იყო.
2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 971.9 მლნ. ლარი შეადგინა2 , საიდანაც 41.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 12.5 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 9.0 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 645.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 49.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 7.3 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 5.0 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (33.7 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიების მიერ 2023 წელს გამომუშავებული პრემია და დამდგარი სადაზღვევო ზარალი, დაზღვევის სახეობების მიხედვით: