თბილისი (GBC) – საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს საბანკო ასოციაციაში განუცხადეს.

როგორც ასოციაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 პირის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით აღნიშნეს, ქართული ბანკები გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით მიიღებენ.

„საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს,“ - განაცხადეს საბანკო ასოციაციაში.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.