თბილისი (GBC) - იპოთეკური სესხების პორტფელი 10.4 მლრდ ლარს აღემატება. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით,  ყოველთვიურად 4 200–დან 4 500-მდე სესხი გაიცემა.

2023-ის ყველაზე  დატვირთული თვე ივნისი იყო, დამტკიცებული  5 200 სესხით, საიდანაც სავალუტოზე მხოლოდ 400 ერთეული მოდის.

სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის მოლოდინით, უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხები კიდევ შემცირდება.

პორტფელის დედოლარიზაციას ახლად ამოქმედებული რეგულაცია წაახალისებს. როგორც იცით, იანვრიდან სავალუტო სესხის ზღვარი 300 000 -მდე გაიზარდა და მხოლოდ ჰეჯირებული კლიენტისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

დავით უტიაშვილმა აღნიშნა, რომ იპოთეკური სესხების 90%-ზე მეტი ისედაც ლარშია დენომინირებული და აღნიშნული კოეფიციენტი 2024-ში 95%-ს გადააჭარბებს. მისივე თქმით, ბევრს მოუწევს კრედიტების გალარება, რადგან ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების პირობები უფრო მიმზიდველი ხდება.

აღნიშნა, რომ პორტფელი მოცულობითია, რადგან მსხვილ მსესხებლებზეა გაცემული, თუმცა სესხების რაოდენობა ცოტაა. დეკემბრის მდგომარეობით, 4.2 მლრდ ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში. წილი, მთლიანი მოცულობის 40%-ს აღემატება.

დავით უტიაშვილის განცხადებით, დედოლარიზაცია პრიორიტეტად რჩება და შესაბამისად არც 300 000 ლარის გადახედვაა გამორიცხული. სები დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

(ბიზნესპარტნიორი)