თბილისი (GBC) - სისტემურ ბანკებს ახალი ვალდებულება უდგება. 

სები 3 ბანკს MREL მოთხოვნას (დაშვებული ვალდებულებების და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნა) უწესებს, რომელიც წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომლის ინსტრუქციას - სახელმძღვანელო წესს ზედამხედველი მალე გამოაქვეყნებს.

MREL სტრესულ სიტუაციაში სექტორის დაცვითი მექანიზმის ნაწილია. სებ-ს დისკრეციას აძლევს, ბანკის მოზიდული სახსრები კაპიტალში წაიღოს.

ამ მიზნით გამოსაყენებელი სახსრებია, ანუ კონვერტირებადი რესურსია  "დაშვებული ვალდებულებები", რომელშიც მოიაზრება საფინანსო ინსტიტუტებისგან (მაგ: EBRD, IFC ...) ნასესხები სახსრები, მ.შ. ბონდები.

ამ კატეგორიის ვალდებულებების და კაპიტალის ინსტრუმენტების შეფარდება საზედამხედველო კაპიტალსა და მთლიან ვალდებულებებთან (MREL განაკვეთი) 01.01.2024-დან 10%-ით განისაზღვრება.

აღნიშნული კოეფიციენტის დაცვა შეუძლია სხვა ბანკებსაც, თუმცა სავალდებულო არ არის.

სებ-ში მიმდინარე საკითხების გაჭიანურება ბოლოდროინდელ ცვლილებებს უკავშირდება. ბანკის საბჭოდან გასული ვიცე-პრეზიდენტების საკურატორო მიმართულებები გადასაბარებელია.

იმის მიუხედავად, რომ გადამდგარი 3 ვიცე-პრეზიდენტი საქმიანობას  ნოემბრის ბოლომდე განაგრძობს, არცერთი აპირებს პროცესებში აქტიურად ჩართვას. დამატებითი განმარტებებით აზუსტებენ მხოლოდ იმას, რომ მათი ნაბიჯის მოტივი არ იყო პოლიტიკური და განპირობებული იყო წმინდა პროფესიონალური საქმიანობით.

ვიცე-პრეზიდენტებს საბჭოდან გასვლის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ვიცე-პრეზიდენტობის ხელფასი, საბჭოს წევრობის დანამატი კი ეხსნება.

ვიცე-პრეზიდენტების ანაზღაურება, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულია 18 000-19 000 ლარის ფარგლებში, სადაც საბჭოს წევრის სარგოც შედის >₾6 000-ფარგლებში.