თბილისი (GBC) – ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა. დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
იმისათვის, რომ ფინტექ-სტრატეგიაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული თითოეული დაინტერესებული მხარის ინტერესი, საქართველოს ეროვნული ბანკი სტრატეგიის პირველად ვერსიას აქვეყნებს და შესაბამის/დაინტერესებულ/ჩართულ მხარეებს აქტიური კომუნიკაციისა და სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.
ქვეყნის შიგნით ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერების შემსუბუქებასა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას ისეთი პროექტებით, როგორებიცაა ღია ბანკინგი/ფინანსები, რეგულირების ლაბორატორია (Regulatory Sandbox), „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC), როგორც ეკოსისტემა“, მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა და სხვა.
საერთაშორისო დონეზე კი ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან და მაქსიმალურად ცდილობს მათ მოტივირებას/ხელშეწყობას. ამასთან, მუშავდება რეგულირების საერთაშორისო ლაბორატორიის კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის რეგულაციურ ჰარმონიზაციას, თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უცხოური ფინტექ-კომპანიებისა და ტალანტის მოზიდვას საქართველოში.
ფინტექის განვითარების სტრატეგიული ხედვა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
პროაქტიური მარეგულირებელი პოლიტიკის გატარება, რომელიც ფინანსურ სექტორში რეგულაციით ხელშეწყობილი ინოვაციების (regulatory-driven innovations) დანერგვას წაახალისებს.
განვითარების ადრეულ ეტაპზე არსებული ტექნოლოგიების ტესტირება და დანერგვა თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური ინფრასტრუქტურის უპირატესობების იდენტიფიცირება და მათი მეშვეობით არსებული სისტემების ეფექტიანობისა და ეფექტურობის გაზრდაა, რაც ფინანსურ სექტორს ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ინოვაციების (technology-driven innovations) დანერგვაში დაეხმარება.
„საქართველოს მიღმა“ („Beyond-Georgia“) ფინტექ-ეკოსისტემის ხელშეწყობა. საქართველოს, როგორც პატარა, ღია ეკონომიკის ქვეყანას, ბაზრის მასშტაბირების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, აქცენტი კეთდება ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც ფინტექის ბაზრის მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. მაგალითად, ეროვნული ბანკი ჩართულია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ინოვაციების ჰაბის პროექტ mBridge-ში, რომელიც საბითუმო CBDC-ების მეშვეობით ცენტრალურ და კომერციულ ბანკებს შორის საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ეროვნული ბანკი კონსულტაციებს გამართავს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მათგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით ყოვლისმომცველი ფინტექ-სტრატეგია და მკაფიო სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს.
დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი კომენტარებისა და მოსაზრებების გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: InnovationOffice@nbg.gov.ge
კომენტარების/მოსაზრებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 დეკემბერი.