თბილისი (GBC) - 2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, $4.6 მლრდ -მდე.

მიმდინარე პერიოდში ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, ხოლო აპრილში 266.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აპრილში წმინდა შესყიდვებმა 368.1 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების მაისის სტატისტიკა კი 25 ივნისს გამოქვეყნდება.

2025 წლის მაისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4% (752.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 252.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნებს.