თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის საბჭომ ვიცე-პრეზიდენტებად ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა აირჩია. ახლა უკვე სებს 3 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, მ.შ. პირველი ნათია თურნავა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
სებ-ის საბჭოში ისინი 7-წლიანი ვადით 2021 წელს შევიდნენ. ეკატერინე მიქაბაძის და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სების ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება