თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა „ტეზერის“ (Tether) თბილისში ორშაბათს გამართულ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი მარეგულირებელი გარემო საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესს ზრდის.
თურნავას განმარტებით, ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობასთან ერთად, ცენტრალური ბანკის პრიორიტეტი თანამედროვე ფინანსური სერვისებისა და ინოვაციების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, საქართველოში უკვე მოქმედებს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგისტრაციის რეჟიმი, რაზეც სრულ საზედამხედველო უფლებამოსილებას ეროვნული ბანკი ახორციელებს.
„ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. ზოგადად ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩო არის ერთგვარად მკაცრი, მაგრამ ესაა ის გარემო, რომელიც მიმზიდველია გლობალურად კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ვირტუალური სექტორში, რადგან იძლევა პროგნოზირების შესაძლებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ „ტეზერის“ მსგავსი გლობალური აქტორების დაინტერესება ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში ციფრული ფინანსების განვითარების კუთხით კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის. მისივე თქმით, უწყება მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხო და სანდო საინვესტიციო პლატფორმის განსამტკიცებლად.
Tether-ის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას მიეძღვნა, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.