თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, დელეგაციასთან ერთად.
დელეგაციის წევრებს შორის არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სების ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.
ნათია თურნავა შეხვდება თურქ კოლეგასთან, თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ფათიხ კარანს.
იზიტის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) წარმომადგენლებსაც შეხვდება.
შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა პრეზენტაციით წარდგება. ის ასევე, მონაწილეობას მიიღებს ბრეტონ ვუდსის კომიტეტის კონფერენციაში.
ეკატერინე მიქაბაძე სიტყვით გამოვა რეგიონულ ფინანსურ კონფერენციაზე, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიმართება. ეკატერინე გალდავა კი მონაწილეობას მიიღებს OEDNE-ს მიერ ორგანიზებულ ვორქშოპში.
ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. ისინი განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.