თბილისი (GBC) - სს თიბისი ბანკმა €70 მლნ-ის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB). მულტივალუტიანი სესხი შვიდ წლამდე ვადიანობისაა და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების (SME) და საშუალო კაპიტალის მქონე საწარმოების დაფინანსებას საქართველოში. განსაკუთრებული აქცენტი კი კლიმატთან დაკავშირებულ ინვესტიციებსა და ქალ მეწარმეებზე კეთდება.
რესურსს ემატება ფინანსური სისტემების გამწვანების ტექნიკური დახმარების პროგრამის მხარდაჭერა, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის საერთაშორისო კლიმატის ინიციატივით
თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, რესურსი საშუალებას მისცემს თიბისის გააგრძელოს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, უფრო ხელმისაწვდომი, გრძელვადიანი დაფინანსებით, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების შექმნას; უფრო მეტიც, განსაკუთრებული აქცენტი კლიმატთან დაკავშირებულ ინვესტიციებსა და მეწარმე ქალებზე, ქვეყანაში მდგრად ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტის, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, ტერეზა ჩერვინსკას განცხადებით, „EIB მოხარულია, რომ მხარს უჭერს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ ინოვაციური სესხით, რომელიც შუამავლობს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, თიბისი ბანკის მეშვეობით. ის ინოვაციურია, რადგან სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად არის გამოყოფილი მწვანე და ინკლუზიურ ფინანსებზე, რომელიც ფოკუსირებულია გენდერულ თანასწორობაზე. მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ვალდებულება, მწვანე და ინკლუზიურ დაფინანსებაზე ფოკუსირებასთან ერთად, ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, შეუფერხებლად ემთხვევა EIB-ის პრიორიტეტებს“.
ხოლო, ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ხერხემალი მომავალი წლებისთვის. ის ადგენს ამბიციურ მიზნებს და განსაზღვრავს მნიშვნელოვან ფლაგმანურ ინიციატივებს, მათ შორის ჩვენს მხარდაჭერას 80,000 ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ევროკავშირი მოხარულია მხარი დაუჭიროს სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური მიდგომაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკური სექტორი გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისა და მდგრადობისთვის. ევროკავშირის ამ პრიორიტეტებზე მუშაობა - უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკა - დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის გზაზე“.